კიდევ ერთი შემზარავი ისტორია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან: ბავშვებს ურტყამდნენ სკამის ფეხებს და არ აჭმევდნენ

კიდევ ერთი შემზარავი ისტორია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან: ბავშვებს ურტყამდნენ სკამის ფეხებს და არ აჭმევდნენ

ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარების დედა ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ მის ორ შვილზე პანსიონში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ხორციელდებოდა. მისი თქმით, ბიჭები პანსიონში 2012 წელს, რამდენიმე თვით მოხვდნენ, მას შემდეგ, რაც ქალს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ის კომაში ჩავარდა.

ახალგაზრდა ქალის თქმით, მაშინ საპატრიარქოს დაქვემდებარებული სააღმზრდელო სივრცე უსაფრთხო ეგონა. ახალგაზრდა ქალი იხსენებს, რომ კომიდან გამოსვლის და გამოჯანმრთელების შემდეგ შვილების პანსიონიდან წამოყვანა გადაწყვიტა, რასაც ადმინისტრაციის წინააღმდეგობა მოჰყვა.

ბენეფიციარების დედა განსაკუთრებულ სისასტიკეში მაშინდელ ზედამხედველს ადანაშაულებს. მისი თქმით, პანსიონში დასჯის მეთოდი იყო საჭმლის გამოტოვება და ყურება როგორ იკვებებოდნენ სხვა ბავშვები.

“ცემა იყო მანამდეც, ცემა იყო მაშინაც და სულაც არის ცემა. ეგ სახლი უნდა დაიხუროს და მსგავსი ტიპის კონსლაგერები, სადაც ბავშვებს აწამებენ. იყო სკამის ფეხით და საზურგეებით ცემა.

უმცროსს მეტად უჭირდა ჩემთან განშორება. ნუ ტირიხარო ეუბნებოდა [ზედამხედველი], რაზეც უფრო ტიროდა. ხშირად რომ ვერ ტიროდა, ტუალეტში გასვლას იმიზეზებდა და როცა მართლა უნდოდა ტუალეტში, აღარ უშვებდა და ადგილზე ასაქმებინებდა. ამას მოსდევდა ცემა, მთელი სისასტიკით, გაშიშვლება, ცივი წყლით დაბანვა. თუ ბევრს იტირებდა, როცა წვებოდა და თავზე იფარებდა, და ისე ტიროდა, გულო მივარდებოდა და ურტყამდა”, – ამბობს ქალი.

ფორმულას რესპონდენტის თქმით, ძალადობდნენ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აღსაზრდელებზეც.

“ჰყავდათ ერთი ბიჭი. ჩემი შვილის ასაკის, საყლაპავი მილის პრობლემები ჰქონდა და მასაც სჯიდნენ”, – თქვა მან.

ყოფილ ბენეფიციარ ძმებს უმძიეს გამოცდილებაზე კამერებთან საუბარი არ სურთ. პანსიონის დატოვების შემდეგ მათ თავიდან გაიარეს უკვე გავლილი კლასი, რადგან ადმინისტრაციას არ ჰქონდა არანაირი დოკუმენტი, რითიც დადასტურდებოდა, რომ ისინი სკოლაში დადიოდნენ და პანსიონში იზრდებოდნენ.

“ვითომ სკოლაში დადიოდნენ. მე როცა თბილისში შევიყვანე ბავშვები, ის წელი არც დაფიქსირდა”, – ყვება ახალგაზრდა ქალი.

გამოძიების მოთხოვნით დედამ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წელს მიმართა. ქალი ამტკიცებს, რომ მალევე სამხარეო პოლიციაში დაიბარეს და უთხრეს, რომ საპატრიარქოსთან ვერაფერს გახდებოდა და საკუთარი ხელით დააწერინეს, რომ საქმის დახურვას ითხოვდა. ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას ამ დრომდე ელოდება.

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )